რუმინეთის სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გამჟღავნებას ავალდებულებს.
ამის შესახებ რუმინული მედია წერს.
კანონპროექტს 76-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 32 იყო.
შემდეგი ეტაპია დეპუტატთა პალატა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა.
კანონპროექტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან, რუმინეთის საგადასახადო სამსახურში წარადგინონ წლიური დეკლარაციები ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროების შესახებ.
როგორც ცნობილია, 5 000 ლეიზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში, ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან, დეკლარაცია წარადგინონ ფიზიკური პირების ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემის მითითებით, ასევე, არ ექნება მნიშვნელობა ამ თანხის წარმომავლობას. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია დეკლარაციას არ წარადგენს, ეს გამოიწვევს ორგანიზაციის საქმიანობის ავტომატურ შეჩერებას, ხოლო შეუსაბამობა თუ ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდება, ავტომატურად გამოიწვევს ასოციაციის ან ფონდის საქმიანობის გაუქმებას.
საკანონმდებლო ინიციატივას 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს. მათი განცხადებით, აღნიშნული თავისუფალი გაერთიანების უფლებას ზღუდავს.












