ნიდერლანდებში, დრანთეს პროვინციის დედაქალაქ ასენში მდებარე მუზეუმიდან, ქურდებმა ოქროს ოთხი არქეოლოგიური შედევრი მოიპარეს. 

პროვინციის დედაქალაქ ასენში მდებარე მუზეუმში შესაღწევად ქურდებმა ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს (ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება გერმანიაში ფულის აპარატების გაძარცვის მიზნით შესული ნიდერლანდელი კრიმინალების საყვარელი მეთოდია - „აიპრესი“) და  მთავარი საგამოფენო დარბაზიდან, სადაც სულ მცირე რუმინეთის 15 მუზეუმიდან ნათხოვარი 600-მდე ოქროს და ვერცხლის ექსპონატი იყო, გეტურ-დაკური ოთხი შედევრი - ჩვენ წელთაღრიცხვამდე 450 წლით დათარიღებული,  ოქროს ჩაფხუტი  და სამი ოქროს სამაჯური - გაიტაცეს.

ქურდობა შაბათს დილით მოხდა. აფეთქების და ქურდობის პროცესი ვიდეოზე აღბეჭდილი, თუმცა დაკავებული არავინაა. შესასვლელ კართან პოლიციამ ურო იპოვა, მოგვიანებით კი მიაგნეს ავტომობილს, რომელიც ქურდებმა გაქცევისას გამოიყენეს.  ფოლკსვაგენი ასენიდან დაახლოებით 10 კმ-ში მდებარე როდლეში, ვიადუკის ქვეშ, დამწვარი იპოვეს. ავტომობილის მფლობელი 24 წლის ნიდერლანდელის ნათესავი ამბობს, რომ რუდი დეპრესიაში, რადგან იგი ავტომობილისთვის ფულს ძალიან დიდხანს აგროვებდა და დაზღვეული არ ჰქონდა. 

ქურდობის ფაქტმა რუმინელთა აღშფოთება გამოიწვია. ნიდერლანდების მედიის ცნობით, გუშინ ოსვენციმში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოფმა, რუმინეთის კულტურის მინისტრს განუცხადა, რომ შეძრწუნებულია მომხდარით და დაარწმუნა იგი, რომ ნიდერლანდები ყველა ღონეს ხმარობს ქურდების დასაკავებლად.  რუმინეთის მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩოლაკუმ უკიდურესი აღშფოთება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ მუზეუმს დაცვა არ ჰყავდა. მისი თქმით, რუმინეთი აზღვევინებს ნიდერლანდებს ამ „უპრეცედენტო ზიანს“. 



განახლება 19:12
რუმინეთის კულტურის მინისტრი პრესასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მან სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის გენერალურ დირექტორს გადადგომა შესთავაზა და მას შემდეგ, რაც მან შეთავაზებაზე უარი თქვა, გამოიყენა არსებული კანონმდებლობა და დაკავებული თანამდებობიდან  გაათავისუფლა