ამის შესახებ გერმანული პორტალი tagesschau იუწყება.
შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიერ ნოემბერში ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მიხედვით, აფეთქებული ბანკომატების რიცხვი კვლავ სწრაფად იზრდება. პოლიტიკურ ჟურნალ ARD Report Mainz-ის კვლევის მიხედვით, მას შემდეგ დამნაშავეებმა ააფეთქეს 162 ბანკომატი.
ამ სახის დამნაშავეობის მზარდი რაოდენობის მიუხედავად საბანკო ინდუქტრია ბანკებს არ ავალდებულებს უსაფრთხოების შესაბამისი ზომების მიღებას. ქვემო საქსონიის იუსტიციის მინისტრს კატრინ ვალმანს აღარ სურს ასეთ მდგომარეობას შეეგუოს და აცხადებს, რომ თუ ამ მხრივ არაფერი შეიცვლება, იგი ფედერალურ საბჭოს მიმართავს ინიციატივით, რათა კანონის ძალით მოხდეს უსაფრთხოების ზომების დაცვის დავალდებულება.
ბანკომატების აფეთქების დროს დამნაშავეები არა მხოლოდ ბანკებს აყენებენ ზიანს, არამედ ადამიანების სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე შარშან აფეთქებული 181 ბანკომატიდან დაახლოებით ნახევარი საცხოვრებელ კორპუსებში ან მის უშუალო სიახლოვეს იყო განთავსებული.
ერთ-ერთი გერმანელი პროკურორის თქმით, ბანკომატის წარმატებული აფეთქების შემთხვევაში დამნაშავეებს, რომელთა ასაკი, ხშირად, 20 წელს არ აღემატება, საშუალოდ 100 ათასი ევრო მიაქვთ.
პორტალი აღნიშნავს, რომ ქვემო საქსონიაში ბანკომატებს, ხშირად, მეზობლად მდებარე ნიდერლანდებიდან ჩასული ახალგაზრდები აფეთქებენ, თავად ნიდერლანდებში კი ბანკომატის აფეთქება იშვიათია იმის გამო, რომ უსაფრთხოების ზომებია დაცული: აფეთქებისთანავე ბანკნოტების შეწებება ხდება და მათი გამოყენება შეუძლებელია.
საფრანგეთსა და პორტუგალიაში ბანკომატებიდან ფულის გატაცების პრევენციას ფერადი კოდირების მეშვეობით ახდენენ. ეს მეთოდი აფეთქების მომენტში ფერადი საღებავით ბანკნოტების მარკირებაზეა დაფუძნებული.
ფერების დაცვის სისტემა ასევე ხელმისაწვდომია გერმანიაში, მაგრამ საქმეში ჩახედულ პირთა მტკიცებით, ამ სისტემით ჯერჯერობით ბანკომატების მცირე რაოდენობაა დაცული. გერმანიის საბანკო ინდუსტრიამ Report Mainz-ის კითხვაზე უპასუხა, რომ არ იცის, რამდენი ბანკომატია აღჭურვილი ფერადი უსაფრთხოების სისტემებით.