ბულგარეთი ამჟამად ვერ შეძლებს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევას სახელმწიფო ფინანსების რთული მდგომარეობის გამო, - ამის შესახებ დუბლინში, სადაც ევროკავშირის არაფორმალური სამიტი მიმდინარეობდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, იტყობინება ბულგარეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BTA.

კიევისთვის ახალი სესხისა და მისთვის სოფიას, როგორც გარანტის, შესაძლო მონაწილეობის განხილვისას, ბულგარეთის პრემიერმა მიუთითა, რომ ევროკავშირმა მისი ქვეყნის მიმართ ზედმეტი ბიუჯეტის დეფიციტის პროცედურა (Excessive Deficit Procedure, EDP) დაიწყო.

ამასთანავე, რადევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფია არ აპირებს, ხელი შეუშალოს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებს უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენაში. მისი თქმით, ბულგარეთის ხელისუფლება მზადაა, განიხილოს საკუთარი მონაწილეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახსრები მიმართული იქნება ჰუმანიტარული დახმარების, ენერგომომარაგებისა და სამედიცინო საჭიროებებისაკენ და არა შეიარაღების შესყიდვაზე.

რუმენ რადევმა ასევე განაცხადა, რომ თუ ბულგარეთი შესაძლო ფინანსური მექანიზმების გარანტად გამოვა, ის დააყენებს მოთხოვნას, რომ სახსრების ნაწილი უკრაინაში ბულგარული თემის მხარდაჭერას მოხმარდეს.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სოფია არ აპირებს, უკრაინას საკუთარი არმიის მარაგიდან დამატებითი შეიარაღება და საბრძოლო მასალა გადასცეს.