ვატიკანის პრესსამსახურმა ოთხშაბათს, 7 ივნისს განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკეს, გაუვალობის საფრთხის გამო, ნაწლავის გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება.

86 წლის პონტიფიკს მუცლის ღრუს ზოგადი ანესთეზიის ქვეშ გაუხსნიან, ოპერაციის შემდეგ პოსტოპერაციული გამოჯანმრთელების ეტაპია საჭირო, ამიტომ, პაპი საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩება, აზუსტებენ პრესსამსახურში.

ვატიკანის ცნობით, პონტიფიკს დივერტიკულიტის - დივერტიკულის ანთება (ნაწლავის ბრმად დამთავრებული კედლის გამონაყარი) - დიაგნოზი დაუსვეს. ანთება ყალიბდება ნაწლავის შიგთავსის სტაგნაციის ფონზე.

ფრანცისკეს 2021 წელს უკვე ჩაუტარდა ნაწლავის ოპერაცია. ამ წლის დასაწყისში მან ინტერვიუში განაცხადა, რომ დივერტიკულის ანთება ისევ გაუარესდა. მარტის ბოლოს პაპი პნევმონიით საავადმყოფოში მოათავსეს.