პაპი ფრანცისკის განცხადებას იტალიური გამოცემა, Corriere della Sera ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რომის პაპს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ომის დასრულების საკითხის განხილვა უნდა.

"მე ღია ვარ ორივე პრეზიდენტთან შეხვედრისთვის", — ასე უპასუხა რომის პაპმა კითხვას, შეუძლია თუ არა მუხლებზე დაჩოქება პუტინის წინაშე, მშვიდობის მოწოდებით, ისევე, როგორც მან ეს გააკეთა 2019 წელს, როცა სამხრეთ სუდანის დაპირისპირებულ ლიდერებს დაუჩოქა და ფეხებზე ეამბორა.

პაპმა ფრანცისკმა, ასევე, გაიხსენა, რომ ომის დასაწყისში მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს პუტინთან შეხვედრა სთხოვა, მაგრამ მან უპასუხა, რომ ჯერჯერობით ამის საჭიროება არ იყო.

"მე მსურდა მოსკოვში ჩასვლა პუტინთან სასაუბროდ და მგონი, გაჩნდა პატარა ფანჯარა, მაგრამ მინისტრმა ლავროვმა მითხრა: მოგვიანებით ვნახოთ", — იხსენებს პაპი.