ყაზახეთის „ტენგიზის“ ნავთობსაბადოს ოპერატორმა Tengizchevroil-მა მარტის შემდეგ პირველად განაახლა ნავთობის ექსპორტი საქართველოს ბათუმის პორტის გავლით.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

სააგენტოს ცნობით, როგორც წესი, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი Caspian Pipeline Consortium-ის მილსადენით ხორციელდება, რომლის ძირითადი მოცულობა ტენგიზის, კაშაგანისა და კარაჩაგანაკის საბადოებიდან მოდის. თუმცა, დრონებით განხორციელებული თავდასხმებისა და არასახარბიელო ამინდის გამო Caspian Pipeline Consortium-ის მუშაობა შეფერხდა, რის გამოც Tengizchevroil-ს უფრო ძვირი ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება მოუწია.

ბოლო შეფერხება მოხდა 30 ივლისს, რა დროსაც Caspian Pipeline Consortium-მა შავი ზღვის ტერმინალიდან იუჟნაია ოზერეევკაში ნავთობის გადაზიდვები შეაჩერა. როგორც თავად კონსორციუმმა განაცხადა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტანკერებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

სააგენტო „როიტერის“ ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ივლისის დასაწყისიდან ბათუმის პორტში „ტენგიზის“ საბადოდან დაახლოებით 20 000 ტონა ნავთობი გადაიტანეს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ორივე წყარომ ანონიმურობის დაცვა ითხოვა, რადგან საჯარო კომენტარის გაკეთების უფლებამოსილება არ ჰქონდათ.