ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე უკრაინელი და მოლდაველი დეპუტატები ევროპარლამენტს შეუერთდნენ როგორც "დამკვირვებელი" წევრები, სანამ ორი ქვეყანა ელოდება ოფიციალურ გაწევრიანებას ევროკავშირში. ამის შესახებ მან POLITICO-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, არ უნდა დაუშვან შეცდომა და თუ პოლიტიკურად ქვეყანა ევროპისკენ იხედება, მაშინ ევროპამ კარები ფართოდ უნდა გააღოს.
"ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეთ, ამ პარლამენტში დამკვირვებელი წევრები გვყავდეს - ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება დეკემბერში", - განაცხადა მან.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ისაუბრებს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან და ფიქრობს, ანალოგიური წინადადება შეიმუშაოს ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ელოდებიან.
დამკვირვებლის სტატუსი ნიშნავს, რომ დეპუტატები არ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში და იქნებიან ევროპარლამენტში დანიშნული და არა არჩეული წევრები. თუმცა მოქმედი წესების მიხედვით, ქვეყნები ევროპარლამენტის საქმიანობაში წარმომადგენლობას მხოლოდ ევროკავშირში ოფიციალურად გაწევრიანების შემდეგ იღებენ.
წინადადებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის რადაში ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია და აღნიშნა, რომ "ძალიან აფასებს" მსგავს იდეას და ამით, სულ მცირე, 30 დეპუტატი იქნება დაინტერესებული.