ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე ჟურნალისტებთან უკრაინაში სამშვიდობო პროცესის პერსპექტივებზე, მოლაპარაკებებზე ევროპის ერთიანი ხმით წარმოდგენის აუცილებლობაზე, ენერგოუსაფრთხოებასა და დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა.
რობერტა მეცოლას შეფასებით, აბუ დაბიში გამართული მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ უკრაინაში სამართლიანი, მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართულებით პროგრესის მიღწევა შესაძლებელია.
მისი თქმით, ევროპა ყოველთვის უჭერდა მხარს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც უკრაინაში მშვიდობას მოიტანს და მზად არის, პროცესის ბოლომდე უკრაინის გვერდით დარჩეს, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანა უკანონო და გაუმართლებელი ომის მეექვსე ზამთრის მომსწრე გახდება.
კითხვაზე, უნდა ჰყავდეს თუ არა ევროპას სპეციალური წარმომადგენელი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და თავად ხომ არ ისურვებდა ამ პასუხისმგებლობის აღებას, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა თქვა, რომ კონკრეტულ პერსონაზე მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიცია.
„ვიტყოდი, რომ იმაზე მეტად, თუ ვინ იქნება ეს პირი, მსურს დავრწმუნდე, რომ ერთიანი, თანმიმდევრული და მკაფიო ხმით ვსაუბრობთ. ვფიქრობ, სწორედ ეს სჭირდებათ ჩვენს პარტნიორებს და სწორედ ეს სჭირდება უკრაინას. ევროპარლამენტში გვყავს ძალიან ფართო უმრავლესობა, რომელიც მშვიდობისკენ მიმართულ ნებისმიერ ზომას დაუჭერს მხარს“, – განაცხადა მეცოლამ.
გარდა ამისა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობების გადატვირთვა კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს მოიტანს, რასაც ევროპარლამენტის უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება.




