Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ევროპაში მემარჯვენე და კონსერვატიული მედიასაშუალებების მხარდასაჭერად, 4 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ეს ინიციატივა წარმოადგენს უფრო ფართო, მინიმუმ 25 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური პაკეტის ნაწილს, რომელიც რეგიონში მოქმედი კონსერვატიული და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისკენ არის მიმართული.
არსებული ინფორმაციით, 3 მილიონი დოლარი მიმართული იქნება "ევროპაში დემოკრატიული უკუსვლის დოკუმენტირებისა და ანალიზისთვის" (რაც უკავშირდება არალეგალურ მიგრაციას, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და ეროვნული სტრუქტურების საკანონმდებლო დღის წესრიგს). კიდევ 1 მილიონი დოლარი კი მოხმარდება ისეთი დამოუკიდებელი ჟურნალისტების კონსორციუმის შექმნას, რომლებიც ეროვნული სუვერენიტეტისა და რელიგიური თავისუფლების საკითხებს აშუქებენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უწყება პოლიტიკურ პარტიებს არ აფინანსებს და აღნიშნული გრანტები მიზნად ისახავს ტრანსატლანტიკური კავშირების განმტკიცებასა და სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობას.
გეგმამ უკვე გამოიწვია შეშფოთება და კრიტიკა ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში. ევროპელი ოფიციალური პირები ვაშინგტონს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებენ.
აღნიშნული ფინანსური პაკეტის დამტკიცება და საბოლოო ფორმალიზება სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.




