დაჯგუფება "ჰამასმა" უარი თქვა ისრაელის წინადადებებზე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ამის შესახებ Reuters კაიროდან იტყობინება.
კაიროში გამართულ მოლაპარაკებებზე, რომლის შესახებაც წინასწარ იყო ცნობილი, მოელოდნენ შეთანხმებების გაფორმებას "ჰამასსა" და ისრაელს შორის. ზავის პირობები შედგებოდა ორი ძირითადი პუნქტისგან: ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტა გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმის დროს ტყვედ აყვანილი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ორშაბათს პალესტინელი ოფიციალური პირის განცხადების შემდეგ, რომელიც უარს ამბობდა ისრაელის შეთავაზებულ პირობებზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა რაფაში ოპერაციის დაწყების ვადა. ქალაქი გახდა "უკანასკნელი თავშესაფარი" პალესტინელებისთვის, რომლებიც გაექცნენ ღაზას სექტორში ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს, იუწყება Reuters.
გასულ კვირას ისრაელმა და "ჰამასმა" დელეგაციები გაგზავნეს ეგვიპტეში. კაიროში ასევე ჩავიდნენ შუამავლები კატარიდან და ეგვიპტიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ეგვიპტეში გაემგზავრა CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსიც.
ორშაბათს იერუსალიმში, ღაზას სამხრეთიდან ისრაელის ჯარების გაყვანიდან ერთი დღის შემდეგ, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მან მიიღო დეტალური ანგარიში კაიროს მოლაპარაკებების შესახებ.
„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ყველა მძევლის გათავისუფლება და სრული გამარჯვების მიღწევა ჰამასის წინააღმდეგ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, „ამ გამარჯვებას დასჭირდება რაფაში შესვლა და იქ განლაგებული ტერორისტული ბატალიონების განადგურება. უკვე არსებობს თარიღი, როდის მოხდება ეს“. მას ეს თარიღი არ დაუსახელებია.