Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, იანვარში, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა სამ სატვირთო ავიახაზს, რომელიც დელავერში არსებული Dover Air Force ბაზიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ამერიკული ბაზის მიმართულებით ახორციელებდა ფრენებს, უბრძანა, 11 რეისი გაეუქმებინა, რომლითაც უკრაინაში აშშ-ს სამხედრო დახმარების ფარგლებში საარტილერიო ბომბები და სხვა ტიპის იარაღი უნდა გაგზავნილიყო. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, ბრძანების გაცემიდან რამდენიმე საათში ვაშინგტონს პოლონელი და უკრაინელი ოფიციალური პირები დაუკავშირდნენ. პოლონეთიდან იმიტომ, რომ უკრაინაში გამგზავრებამდე სწორედ ამ ქვეყანაში ჩადის დასავლური ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარება, ხოლო ზემოხსენებული ბრძანების შემდეგ პოლონეთი ცხადია, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც იარაღის ტრანსპორტაციის შეწყვეტის შესახებ შეიტყო. 

შეკითხვებზე, თუ ვინ უბრძანა აშშ-ს სატრანსპორტო სარდლობას (TRANSCOM) სატვირთო რეისების შეჩერება ან იყო თუ არა ეს დახმარების სრულად შეჩერება (თუ ნაწილობრივი) – Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლის, პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, პასუხი არ ჰქონდათ. ერთი კვირის შემდეგ რეისები განახლდა. 

Reuters-ის მიერ მოპოვებული TRANSCOM-ის ჩანაწერების თანახმად, იარაღის გაგზავნის შეჩერების შესახებ სიტყვიერი ბრძანება აშშ-ს თავდაცვის მინისტრისგან, პიტ ჰეგსეთისგან წამოვიდა. ბრძანებას წინ უძღოდა 30 იანვარს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პიტ ჰეგსეთმა და ტრამპის ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებმა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილეს. როგორც ორი ანონიმური წყარო Reuters-ს ეუბნება, შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების იდეა ნამდვილად გახმოვანდა, თუმცა თავად პრეზიდენტს შესაბამისი ბრძანება არ გამოუცია. 

საკითხზე ინფორმირებული კიდევ სამი ანონიმური წყაროს ცნობით, ტრამპმა, როგორც სხვა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც 30 იანვრის შეხვედრას ესწრებოდნენ, ჰეგსეთის მიერ აღნიშნული ბრძანების გაცემის შესახებ არ იცოდნენ. Reuters-მა წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება თეთრ სახლთან სცადა, რაზეც თეთრმა სახლმა უპასუხა, რომ ჰეგსეთი უკრაინისთვის დახმარების შეჩერების დროს ტრამპის დავალების შესაბამისად მოქმედებდა. თუმცაღა, პასუხში თეთრ სახლს არ განუმარტავს, თუ რატომ არ იცოდნენ საკვანძო მაღალჩინოსნებმა თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესახებ. მოკავშირისთვის დახმარების გაყინვის გადაწყვეტილება, ჩვეულებისამებრ, კოლეგებთან ერთად კოორდინაციისა და პრეზიდენტის თანხმობის საფუძველზე მიიღება. 

როგორც გამოცემა წერს, ჰეგსეთი 30 იანვრის შეხვედრაზე მისი მრჩევლების მიერ მომზადებული მემორანდუმით მივიდა, რომელშიც რუსეთთან მოლაპარაკებებში უპირატესობის მისაღებად უკრაინისთვის დახმარების შეჩერება იყო დასახელებული. ამავდროულად, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის მიმართ აშშ-ს პოლიტიკა და უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაც რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა Reuters-ის ცნობით, ტრამპმა კვლავ უარი თქვა დახმარების შეჩერებაზე. 

სამი ანონიმური წყაროს ცნობით, ჰეგსეთმა უკრაინის საკითხზე ტრამპთან დისკუსია არასწორად გაიგო. სხვა ოთხი წყაროს ცნობით, ჰეგსეთს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნის შეჩერება პენტაგონის თანამშრომლების მცირე ჯგუფმა ურჩია, რომლებსაც ფედერალურ მთავრობაში მუშაობის საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდათ, თუმცა აშშ-ს მიერ უკრაინის დახმარებას ეწინააღმდეგებოდნენ. ორმა სხვა წყარომ საერთოდაც უარყო, რომ იარაღის მიწოდება შეჩერდა და ჰეგსეთის ბრძანებას "ლოგისტიკური პაუზა" უწოდა. 

Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ზემოხსენებული რეისების შეჩერება TRANSCOM-ს $2.2 მილიონი დაუჯდა. როგორც თვითონ სარდლობამ თქვა, რეალურმა ხარჯმა $1.6 მილიონი შეადგინა, ვინაიდან 11 ფრენიდან ერთ-ერთის გაუქმებას ხარჯები არ მოჰყოლია.