Reuters ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის აკრძალვის იდეა წევრი ქვეყნების წინააღმდეგობისა და ალტერნატიული მომწოდებლების მიმართ არსებული გაურკვევლობის გამო გადადო.
გამოცემა წერს, რომ სავარაუდოდ, რუსულ LNG-ზე შეზღუდვები ევროკავშირის მე-17 სანქციების პაკეტში არ შევა.
უკრაინაში რუსეთის მიერ 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ ბუნებრივ აირსა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება დაიწყეს.
გამოცემის მიხედვით, მიუხედავად ამ ძალისხმევისა, 2024 წელს ევროპაში რუსული LNG-ის იმპორტმა რეკორდულ დონეს მიაღწია. Reuters-ის მიხედვით, რუსულ LNG-ის აკრძალვის დაწესებაზე ევროკავშირის წევრებს თვეების განმავლობაში ჰქონდათ დებატები, თუმცა შეთანხმება ვერ მოხდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს მოუწოდებდა, რომ რუსულის ნაცვლად ამერიკული LNG შეეძინა, თუმცა ასეთი შეთანხმების დეტალები ჯერ უცნობია და ევროკავშირი ასევე ფრთხილობს, რომ აშშ-ზე ზედმეტი დამოკიდებულება არ შეიქმნას.
გამოცემას ევროკომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ იმ პირობებში, როცა აშშ-სა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ტრამპის ახალი მასშტაბური ტარიფების ფონზე იძაბება, ბრიუსელი რუსული LNG-ის მიწოდებას ვაშინგტონთან სავაჭრო მოლაპარაკებებში ბერკეტად გამოყენებას აპირებს.