გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისათვის კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნის წინააღმდეგია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გერმანია, როგორც კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ კონვენციის მონაწილე, ეწინააღმდეგება მათ მიწოდებას. შეერთებული შტატები, რომელიც აპირებს მიწოდებას, არ არის კონვენციის მონაწილე სახელმწიფო.

6 ივლისს, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უკრაინისათვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხი აქტიური განხილვის პროცესშია.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს, მიაწოდოს თუ არა უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალა.

ენდრიუ ბეიტსმა აღნიშნა, რომ იდეა აქტიური განხილვის პროცესშია. მანამდე გაზეთ The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ გეგმავს უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს.