Reuters-ი ორ ერაყულ უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერაყის ქალაქ ზუმარიდან სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზის მიმართულებით, სულ მცირე, ხუთი რაკეტა გაუშვეს.

წყაროების ცნობით, რეაქტიული გამშვები დანადგარი მცირე ზომის სატვირთო მანქანაზე იყო დამაგრებული, რომელიც სირიის საზღვართან მდებარე ერაყულ ქალაქ ზუმარში იყო განთავსებული.

ამასთანავე, გამოცემასთან საუბრისას სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რაკეტების გაშვების შემდეგ სატვირთო მანქანას, არანასროლი რაკეტების აფეთქების შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა, რა დროსაც ჰაერში სამხედრო თვითმფრინავები იმყოფებოდნენ.

სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, "არ შეგვიძლია იმის დადასტურება, რომ სატვირთო აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა, თუკი გამოძიებას არ ჩავატარებთ".