Reuters-ი, თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, თეირანმა მოსკოვს შესაძლო ტერორისტულ ოპერაციაზე საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა.
3 იანვარს, ირანის ქალაქ ქერმანში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ვილაიეთმა“ ტერორისტული თავდასხმა მოაწყო. 19 იანვარს, ირანის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერაქტთან კავშირში მყოფი 35 პირი დააკავა, მათ შორის, „ხორასნის ვილაიეთის“ მეთაური.
გამოცემის მიხედვით, თეირანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეიცავდა ინფორმაციას თავდასხმის დროსა და სამიზნეზე. ირანში დაკავებული ერთ-ერთი ტერორისტის დაკითხვის დროს გაირკვა, რომ ჯგუფს მისცეს ინსტრუქცია მოემზადებინათ მასშტაბური ტერაქტი რუსეთში და ისინი უკვე რუსეთში იმყოფებოდნენ.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ოფიციალური კრემლი, ისევე, როგორც, თეთრი სახლი, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთსა და ირანში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების უკან ISIS-K-ის ტაჯიკი მებრძოლები იდგნენ. ბოლო წლების განმავლობაში ტერორისტული ორგანიზაცია ტაჯიკეთის მოსახლეობის აქტიური რეკრუტირებითაა დაკავებული.