წინასწარი შედეგების თანახმად, თურქეთში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატებმა თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიმარჯვეს. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ მარცხი აღიარა.
სტამბოლის მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 51%-ზე მეტით თანამდებობა შეინარჩუნა. „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა მურატ ქურუმმა 39% მიიღო.
მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ხმების 60%-ზე მეტით მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მანსურ იავაშმა გაიმარჯვა. მის კონკურენტს ერდოღანის პარტიიდან თურგუტ ალტინოკს ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 32%-მა მისცა. წინასწარი შედეგებით თანახმად, პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზიციაში მყოფი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატები მერის არჩევნებში ლიდერობენ 20-ზე მეტ დიდ ქალაქში, მათ შორის – იზმირსა და ანტალიაში.
წუხელ ანკარაში, მმართველი პარტიის შტაბ-ბინაში გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“ 2023 წლის მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში წარმატებისგან განსხვავებით, ამჯერად, ვერ მიაღწია სასურველ შედეგებს, რომლებსაც ობიექტურად და თვითკრიტიკულად გააანალიზებენ და დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებენ".
"მუნიციპალურ არჩევნებში, უპირველეს ყოვლისა, გაიმარჯვა თურქეთის დემოკრატიამ და ხალხის ნებამ, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას", – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთში მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. მერების და ადგილობრივი დონის სხვა თანამდებობების დასაკავებლად 34 პარტიის კანდიდატები იბრძოდნენ. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობდა 61 მილიონზე მეტი ამომრჩეველი.
მუნიციპალური არჩევნები იყო თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის პოპულარობის ერთგვარი საზომი 2023 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მორიგი გამარჯვების შემდეგ. მოელიან, რომ სტამბოლის მერის არჩევნებში ექრემ იმამოღლუს მორიგი გამარჯვება გააძლიერებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მისი, როგორც ერდოღანის პოტენციური მეტოქის პოზიციებს.
ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტი 2014 წლიდან არის. მანამდე, ათი წლის განმავლობაში იგი თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო.