გუშინ, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტის იმპორტის შეჩერების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

პოლონეთის მინისტრთა კაბინეტმა შაბათს, 15 აპრილს განიხილა სოფლის მეურნეობის ბაზარზე არსებული მდგომარეობა და უფლება მისცა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს და განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრს გამოსცენ შესაბამისი სამართლებრივი აქტები პოლონეთის სოფლის მეურნეობის ბაზრის დესტაბილიზაციისგან დასაცავად, მათ შორის უკრაინიდან სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების იმპორტის დროებითი აკრძალვის ჩათვლით. ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შესაბამისი მინისტრები უკრაინის ხელისუფლებასთან მუდმივ კონტაქტზე არიან.

აღნიშნულია, რომ შესაბამისი აკრძალვა ძალაში იქნება იქნება ივნისის ბოლომდე.

უკრაინული მარცვლეული აფრიკაში პოლონეთის გავლით გადის - ეს მექანიზმი უკვე რამდენიმე კვირაა პოლონელი ფერმერების პროტესტს იწვევს. მთავრობამ ახლა შეაჩერა იმპორტი, მაგრამ ფერმერები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

ფერმერი მარცინ ფურტაკი ამბობს, რომ ახლა მისი საწყობი ცარიელი უნდა იყოს, მას  შარშან მოწეული 140 ტონიდან ჯერ კიდევ არ გაუყიდია 60 ტონა და მას ან საერთოდ ვერ გაყიდის, ან გაყიდის მხოლოდ სასაცილო ფასად. 

გონივრული ფასია მინიმუმ 1400 ზლოტი ტონაზე, მაგრამ ამ დროისთვის ფასები 750-იდან 800 ზლოტამდეა, რაც არათუ მოგებისთვის, არამედ ხარჯების დასაფარავადაც კი არაა საკმარისი, - ამბობს იგი დასძენს, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში  კრახი გარდაუვალია.

ფასების დაცემის მიზეზი უკრაინიდან იაფი მარცვლეულის მასიური იმპორტია. ის, რაც მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად იყო გამიზნული, კატასტროფად იქცა პოლონელი ფერმერებისთვის. უკრაინის ომის გამო შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობა შეზღუდულია და ამიტომ, გასულ წელს ევროკავშირმა შექმნა სოლიდარობის დერეფანი, ანუ გააუქმა ტარიფები ევროკავშირში იმპორტზე, იმ ვარაუდით, რომ მარცვლეული გავიდოდა ევროკავშირის ქვეყნებში და შემდეგ, იქიდან მიაღწევდა დანიშნულების ქვეყნებს აფრიკაში, მაგრამ დაგეგმილის საწინააღმდეგოდ, მარცვლეულის ნაწილი რჩება  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და განსაკუთრებით პოლონეთში. პოლონელი ფერმერებისთვის ეს ნიშნავს, რომ მათი ბაზარი მოულოდნელად აივსო სიმინდით და სხვა მარცვლეულით და ვეღარ ყიდიან თავიანთ საქონელს, ხოლო საკვები პროდუქტების ფასები პოლონეთში ასევე სტაბილურად იზრდება.

სწორედ ამიტომ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, პოლონელი ფერმერები ქვეყნის მასშტაბით აწყობენ საპროტესტო გამოსვლებს. ისინი ტრაქტორებით გაემართნენ უკრაინის საზღვრისკენ, რათა დაებლოკათ სატვირთო მატარებლებით საზღვრის გადაკვეთა. მათი რისხვა მიმართულია არა უკრაინელების, არამედ პოლონეთის მთავრობისა და ევროკავშირისკენ. „ჩვენ გვინდა ტარიფები! ჩვენ გვსურს, რომ პორტები საბოლოოდ გაფართოვდეს, რათა პოლონეთში შემოსული საქონელი აქ არ დარჩეს", - ამბობს ერთ-ერთი ფერმერი და განმარტავს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში უკრაინული მარცვლეული რჩება, არის შჩეცინის და გდანსკის პორტების მცირე  გამტარუნარიანობა.  

კიდევ ერთი მიზეზი, როგორც ფერმერები აღნიშნავენ, არის ის, რომ პოლონელი მარცვლეულით მოვაჭრეები უკრაინაში ყიდულობენ უფრო იაფ მარცვლეულს და ყიდიან მას პოლონეთში. უკრაინული მარცვლეული პოლონურზე უფრო იაფია, თუმცა ის  ხშირად არ აკმაყოფილებს ევროკავშირის ხარისხის სტანდარტებს და არის დაბინძურებული პესტიციდებით, რომლებიც აკრძალულია ევროკავშირში.

პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთელი ფერმერების მსგავსად პროტესტი განაცხადეს და დაბლოკეს საპორტო ქალაქ შჩეცინისკენ მიმავალი გზა ჩრდილო-დასავლეთელმა ფერმერებმა.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, უკრაინაში ვიზიტის დროს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განიხილეს არსებული პრობლემა და ორშაბათს შეთანხმება წერილობით გაფორმდება. გარდა ამისა, საგამოძიებო კომისია გამოიძიებს თაღლითობის შემთხვევებს, დაკავშირებულს უკრაინული მარცვლეულის პოლონურად გამოცხადებასთან.

მმართველი პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ ასევე განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც კრძალავს უკრაინული მარცვლეულისა და სხვა საქონლის იმპორტს. გარდა ამისა, მთავრობა აპირებს შეიძინოს მარცვლეული, რომელიც ფერმერების საწყობებშია და მასში ტონაზე 1400 ზლოტი გადაიხადოს.

პოლონელი ფერმერები სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ისინი აპირებენ გააგრძელონ საპროტესტო აქციები, სანამ მდგომარეობა შესამჩნევად არ გაუმჯობესდება.

მოგვიანებით უკრაინიდან მარცვლეულის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტის ივნისის ბოლომდე აკრძალვის შესახებ წერილობითი განცხადება გაავრცელა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. 

მინისტრის განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უნგრელი ფერმერების დასაცავად, რომლებიც ზარალდებიან უკრაინული დემპინგის გამო. მან აღნიშნა, რომ  უკრაინა სოფლის მეურნეობაში იყენებს ისეთ მეთოდებსა და ტექნიკას, როგორიც „ევროკავშირში აღარ არის ნებადართული". ეს საშუალებას აძლევს მას თავიდან აიცილოს ზედმეტი ხარჯები და მარცვლეულის გარდა ევროპულ ბაზარს „დიდი რაოდენობით ფრინველის ხორცი, კვერცხი, ზეთი და თაფლი" მიაწოდოს. ასეთ ვითარებაში, ცენტრალურ ევროპაში ფერმერები „ვერ ყიდიან თავიანთ პროდუქტს", დასძინა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

პოლონეთის მიერ უკრაინული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აღნიშნა, რომ აკრძალვა ეწინააღმდეგება არსებულ შეთანხმებას და პრობლემის  მოსაგვარებლად მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით გამოვიდა. 

„ჩვენ გვესმის, რომ პოლონელი ფერმერები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თუმცა ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში ამჟამად უკრაინელი ფერმერები არიან“, – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.