პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში განაცხადა,, რომ უკრაინაში კონფლიქტი მაშინ დასრულდება, როდესაც ერთი მხარე ამოწურავს თავის რესურსებს და მოუწოდა რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისკენ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში კონფლიქტი, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის მსგავსად დასრულდება. მან განმარტა, რომ ეს ომი მიაღწევს იმ წერტილს, როდესაც მეომარ მხარეებს ამოეწურებათ კონფლიქტის წარმოებისთვის საჭირო საშუალებები.
რადოსლავ სიკორსკიმ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთის ეკონომიკაზე და გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.
ეს ერთადერთი გზაა მოსკოვის იმაში დასარწმუნებლად, რომ „ვერ გაიმარჯვებს", რაც, თავის მხრივ, შექმნის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას, - განაცხადა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რიტორიკის ცვლილება და ის ფაქტი, რომ უკრაინა აქტიურად ესხმის თავს რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს, რათა ზიანი მიაყენოს მათ და დასძინა, რომ კონფლიქტის გაგრძელება „რუსეთის მომავალს ანადგურებს“.
პირველი მსოფლიო ომი 1918 წლის ნოემბერში კომპიენის ზავით დასრულდა.
ცენტრალური ძალების - გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთის იმპერიის და ბულგარეთის - დამარცხების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მათი რესურსების სრული ამოწურვა იყო.




