რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა "განკარგულებას რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება "იუნიკრედიტ ბანკის" – იტალიური ფინანსური ჯგუფის UniCredit-ის ბიზნესის – რეორგანიზაციის შესახებ სპეციალური გადაწყვეტილების თაობაზე". დოკუმენტის ასლი რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

პუტინის განკარგულების თანახმად, ნებადართულია "იუნიკრედიტ ბანკიდან" გამოიყოს სამეურნეო საზოგადოება, რომლის ყველა აქცია UniCredit S.p.A.-ს საკუთრებაში იქნება. განკარგულება იძლევა რუსული ბანკის აქციების 100%-ის გაყიდვის უფლებას ხელისუფლებასთან დამატებითი შეთანხმებების მოთხოვნის გარეშე.

2025 წლის მაისში რიგი მედიასაშუალებები, მათ შორის, სააგენტო Reuters იტალიის ფინანსთა სამინისტროსადმი მიმართვაზე დაყრდნობით, წერდნენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულმა სამმა კომპანიამ - Asas Capital, Mada Capital და Inweasta - UniCredit-ის ჯგუფის რუსული ბიზნესის შეძენის წინადადება წამოაყენა.

ღია მონაცემების მიხედვით, Inweasta-ს დამფუძნებელია ანდრეი ელინსონი - 2023 წლამდე ის იყო "ალფა-ჯგუფის" საინვესტიციო ქვედანაყოფის, A1-ის მმართველი პარტნიორი. იმის შესახებ, რომ "იუნიკრედიტ ბანკის" მფლობელის შეცვლის საბოლოო ბენეფიციარი შესაძლოა, ყოფილიყო რუსული "ალფა-ჯგუფი", გაზეთი "კომერსანტიც" წერდა. თუმცა, ამ ისტორიის განვითარების შესახებ მედიას მოგვიანებით აღარ უცნობებია.

წარსულში რუსეთის ფედერაციაში დასავლური ბიზნესის "რეორგანიზაციები", რომლებიც რუსეთის ხელისუფლების მიერ იყო დამტკიცებული ან ინიციირებული, ხშირად მთავრდებოდა იმით, რომ ასეთი აქტივები კრემლთან დაახლოებული პირების საკუთრებაში ხვდებოდა.