რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 7 ივლისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც მობილიზაციის პერიოდში რუსეთის ჯარში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მსახურება დაშვებული გახდა. 

აქამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის ჯარში მსახურება მხოლოდ საგანგებო ან სამხედრო მდგომარეობის პერიოდში შეეძლოთ. 

გარდა ამისა, ახალი განკარგულებით ჯარში მომსახურე კვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებმაც სამხედრო მსახურების ზღვრულ ვადას მიაღწიეს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან (СВР), ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ) ან სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებთან ახალი კონტრაქტის დადება შეეძლებათ. 

2022 წლის 1 სექტემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულება რუსეთში კვლავაც ძალაშია და ფორმალურად არ გაუქმებულა. თუმცა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წარმოების მიუხედავად, რუსეთს დღემდე სამხედრო მდგომარეობა არ გამოუცხადებია. 

მიმდინარე წლის 31 მარტს პუტინმა ჯარში 160 000 კაცის გაწვევას მოაწერა ხელი. 

2024 წლის ზაფხულში რუსეთმა კანონი მიიღო, რომელიც რუსეთის ნატურალიზებული მოქალაქეებისთვის სამხედრო რეგისტრაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეობის ჩამორთმევას ხდის შესაძლებელს.