რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე, ჩაატარა ბირთვული ძრავით აღჭურვილი შეუზღუდავი მანძილის ფრთოსანი რაკეტის - "ბურევესტნიკის" - გამოცდა. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, ამ კვირაში შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს სტრატეგიული შეტევითი ძალების სწავლება, რომლის დროსაც განხორციელდა სტრატეგიული ბირთვული ძალების სამივე კომპონენტის საბრძოლო მომზადების გაშვება და გამოიცადა მოწინავე იარაღის მოდელები.
პუტინმა "ბურევესტნიკს" უნიკალური უწოდა.
"ეს ისეთი პროდუქტია, რომელიც მსოფლიოში სხვას არ გააჩნია. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ შესაძლო გამოყენება და დავიწყოთ ინფრასტრუქტურის მომზადება ამ იარაღის შეიარაღებულ ძალებში განსათავსებლად", - განაცხადა მან, რასაც გერასიმოვმა თანხმობით უპასუხა.
გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ რაკეტა "ბურევესტნიკი" 21 ოქტომბერს გამოცადეს, მან 14 000 კმ გაიარა და ჰაერში დაახლოებით 15 საათის განმავლობაში დაყო.
"რაკეტის ტექნიკური მახასიათებლები საშუალებას იძლევა, რომ ის ნებისმიერ მანძილზე მაღალი სიზუსტით იქნას გამოყენებული მაღალი დაცვის სამიზნეების წინააღმდეგ", - დასძინა გერასიმოვმა.
"ბურევესტნიკის" სატესტო გაშვებასთან დაკავშირებით, დასავლეთის სამხედრო დაზვერვის მხრიდან ოფიციალური დადასტურება ან კომენტარი ჯერჯერობით არ არსებობს.




