რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2026 წელს ფედერალური კრების წინაშე მიმართვით არ წარდგება. შესაბამისი განცხადება რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა გააკეთა.
"წლის ბოლომდე მსგავსი მიმართვა არ იგეგმება", — ციტირებენ პესკოვის სიტყვებს რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებები. ამასთან, პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის შეიძლება გაიმართოს ამ ფორმატის ღონისძიება. მისი თქმით, პუტინი მიმართვით გამოვა მაშინ, როდესაც ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.
რუსეთის პრეზიდენტის ვალდებულება, გამოვიდეს ყოველწლიური მიმართვით, პირდაპირ არის გაწერილი რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 84-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტში.
გასულ წელს პუტინი ფედერალური კრების წინაშე მიმართვით ასევე არ გამოსულა. ბოლოს მან მიმართვა 2024 წლის 29 თებერვალს, მეხუთე საპრეზიდენტო ვადით არჩევამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა. მაშინ პუტინმა ახალი ეროვნული პროექტების დაწყების შესახებ გამოაცხადა და ფაქტობრივად, საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა ჩამოაყალიბა.
რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა ფედერალური კრების წინაშე 2022 წლის 30 სექტემბერს უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების — თვითგამოცხადებული "დნრ"-ისა და "ლნრ"-ის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებული ნაწილების — "რუსეთის ფედერაციასთან მიერთების" შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიას დაემთხვა. კრემლის დიდი სასახლის წმინდა გიორგის დარბაზში შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა ყურადღება ძირითადად დასავლეთთან და "ანგლოსაქსებთან" რუსეთის დაპირისპირებაზე გაამახვილა.




