ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება. 

ირანელი ხალხის მიმართ ფეჰლევის მიმართვას სრულად გთავაზობთ: 

ძვირფასო ჩაგრული ირანო, ჩემო მამაცო თანამემამულეებო,

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხ დღეში, თქვენი მილიონიანი დემონსტრაციებით ისლამური რესპუბლიკის არალეგიტიმური რეჟიმის საფუძვლები შეარყიეთ. ახლა, გასული დღეების მოწოდებებზე თქვენს მილიონიან პასუხზე დაყრდნობითა და იმ ლეგიტიმურობითა და პოპულარობით, რომელიც მე თქვენგან მივიღე, ვაცხადებ ეროვნული აჯანყების ახალ ეტაპს ისლამური რესპუბლიკის დასამხობად და ჩვენი ძვირფასი ირანის დასაბრუნებლად. 

1. ირანის შიგნით, ქალაქების ცენტრალური ქუჩების დაკავებისა და შენარჩუნების გარდა, ყველა დაწესებულება და ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეჟიმის ცრუ პროპაგანდასა და საკომუნიკაციო საშუალებების გათიშვაზე, ითვლება ლეგიტიმურ სამიზნედ. მთავრობის თანამშრომლებს, ასევე შეიარაღებულ და უსაფრთხოების ძალებს, აქვთ შესაძლებლობა, შეუერთდნენ ხალხს და ერის დამხმარეები გახდნენ, ან აირჩიონ ერის მკვლელებთან თანამზრახველობა და საკუთარ თავზე აიღონ მარადიული სირცხვილი და ერის წყევლა.

2. ირანის ფარგლებს გარეთ, ირანის ყველა საელჩო და საკონსულო ეკუთვნის ირანელ ერს და დადგა დრო, რომ ისინი ისლამური რესპუბლიკის სირცხვილით სავსე დროშის ნაცვლად, ირანის ეროვნული დროშით შემკული იყოს.

ჩვენ ახლოს ვართ ჩვენთვის საყვარელი ირანის ისლამური რესპუბლიკისგან დაბრუნებასთან. ხამენეიმ და მისმა რეჟიმმა თქვენგან რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღეს და ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ ამოსუნთქვის საშუალება. რეჟიმი რეპრესიული ძალების სერიოზულ ნაკლებობას განიცდის და ხალხზე გახშირებული სროლა ხდება არა ძალის პოზიციიდან, არამედ დაქირავებული მებრძოლების ნაკლებობისა და უფრო სწრაფი კოლაფსისა და დაცემის შიშის გამო. არ დავუშვებთ, რომ ამ დამნაშავეებმა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის სისხლი დაღვარონ. მათ ამ შესაძლებლობას არ მივცემთ. ჩვენ უკან არ დავბრუნდებით.

ირანის თავისუფლება ახლოსაა. ირანის უკვდავი შვილების მიერ მიწაზე დაღვრილი სისხლი გამარჯვებისკენ გვიძღვება. ჩვენ მარტონი არ ვართ. მალე გლობალური დახმარებაც მოვა. დაელოდეთ ჩემს მომდევნო შეტყობინებებს. მალე დავიბრუნებთ ჩვენს ძვირფას ირანს ისლამური რესპუბლიკისგან და მთელ ირანში თავისუფლებისა და გამარჯვების დღესასწაულს აღვნიშნავთ.