სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ რუსუდან კოხოძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობებისა და პასპორტების შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ახალი დოკუმენტების უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხს.
„სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები იყოს სანდოდ და უსაფრთხოდ აღიარებული. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად მუშაობენ, რომ დახვეწონ ტექნოლოგიები და პროცესები, რომელთა ფარგლებშიც გაიცემა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი 2010-2011 წლებიდან გაიცემა. მას შემდეგ 15 წლის გავიდა, ტექნოლოგიები საგრძნობლად განვითარდა, რაც მათ შორის დაკავშირებულია იმასთან, რომ იმატებს გარკვეული რისკები ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ამ დოკუმენტების არასანქცირებული გამოყენების ან გაყალბების მიმართულებით.
სწორედ ამიტომ დღის წესრიგში დადგა, რომ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და ჩვენი დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გავაძლიეროთ. შესაბამისად, სააგენტომ დაიწყო ახალი დოკუმენტების გაცემა, რომლებიც როგორც დიზაინის თვალსაზრისით არის სრულიად განახლებული, ასევე გაძლიერებულია მისი უსაფრთხოება და დამცავი ნიშნები, ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც მათი შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერია”, - განაცხადა რუსუდან კოხოძემ.
მან იმ საერთაშორისო სტანდარტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც ახალი დოკუმენტები შეესაბამება.
„როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო სტანდარტებზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ადგენს ერთიან სტანდარტს თუ რა სპეციფიკაციებით უნდა ხასიათდებოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სამგზავრო დოკუმენტები. რა თქმა უნდა, ეს სტანდარტები წლების განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ვითარდება და რაც იყო ამ სტანდარტების ბოლო განახლება, სწორედ მათთან შესაბამისობაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამის ახალ დოკუმენტებს გასცემს საქართველო. მათზე დატანილია ძალიან ბევრი, ათეულობით დამცავი ნიშანი, რომელთა ნაწილი შეუიარაღებელი თვალითაც არის აღქმადი, ნაწილი კი მხოლოდ სპეციალური განათების ფონზე შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული მესაზღვრის თუ სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლის მხრიდან”, - აღნიშნა რუსუდან კოხოძემ.




