კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტვიტით უპასუხა.
„მათ, ვინც ბიზნესად აქცევს ყველაფერს, მათ შორის ადამიანის სიცოცხლესაც კი, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რაიმე ფორმით თითი კუბისკენ გაიშვირონ, აბსოლუტურად არანაირი ფორმით.
ისინი, ვინც ახლა ისტერიულად ღვრის ცრემლებს ჩვენ ქვეყანაზე, ბრაზით არიან შეპყრობილები მისი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილებით - აირჩიონ საკუთარი პოლიტიკური მოდელი.
მათ, ვინც რევოლუციას ადანაშაულებს რეურსების სერიოზულ უკმარისობაში, უნდა რცხვენოდეთ და დუმდნენ, რადგან მათ იციან და აღიარებენ, რომ ეს უკმარისობა იმ უკიდურესად მკაცრი დრაკონული ზომების შედეგია, რომელსაც აშშ ექვსი ათწლეულის განმავლობაში იყენებს ჩვენ წინააღმდეგ და ახლა მათი კიდევ უფრო გამკაცრებით იმუქრება.
კუბა თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული ერია. არავინ გვიკარნახებს, რას ვაკეთოთ. კუბა არ ესხმის თავს - ის 66 წელია განიცდის თავდასხმას აშშ-ის მხრიდან. კუბა არავის ემუქრება - ის აფრთხილებს, რომ მზადაა დაიცვას სამშობლო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“, - წერს კუბის პრეზიდენტი.




