პოლონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე შეაჩეროს შენატანები პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვებს აფინანსებენ PURL (Prioritised Ukraine Requirements List — უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) პროგრამის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დუბლინში განაცხადა, სადაც ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართა.

ტუსკის თქმით, მან NATO-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტტეს აცნობა, რომ "ამ მომენტისათვის ჩვენ ჯერ არ შევიტანთ შენატანებს PURL პროგრამაში", რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის აშშ-ში იარაღის შესყიდვებს აფინანსებენ.

ამ გადაწყვეტილების მიზეზებს შორის პოლონეთის მთავრობის მეთაურმა დიდი ბიუჯეტური დეფიციტი და ვარშავის მხრიდან თავდაცვის მაღალი ხარჯები დაასახელა. "ჩვენ ვეხმარებოდით და კვლავაც ძალიან სერიოზულად ვეხმარებით უკრაინას. მაგრამ, ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, პოლონეთი დამატებით სახსრებს არ ჩადებს, რადგან ჩვენ გვაქვს საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში", — განმარტა დონალდ ტუსკმა.

PURL (Prioritised Ukraine Requirements List) მექანიზმის ამოქმედების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტტემ 2025 წლის ივლისში გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უკრაინისთვის იარაღის უსასყიდლოდ გადაცემაზე უარი თქვა. ამ მექანიზმის ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის ამერიკულ შეიარაღებას ევროპული ქვეყნები და კანადა აფინანსებენ. საუბარია პროდუქციაზე, რომელსაც ევროპაში არ აწარმოებენ, ან რომლის მიწოდებაც აშშ-ს უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე ევროპელ პარტნიორებსა და კანადას.