პოლონეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 11 უცხოეთის მოქალაქის გაძევების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და მტრულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილი.
პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაძევებულთა შორის 9 უკრაინის და 2 ბელარუსის მოქალაქეა. გამოძიების თანახმად, ეს პირები ჩართული იყვნენ რუსეთის დაზვერვის მიერ დაგეგმილ დივერსიულ და სადაზვერვო ქსელში, რომლის მიზანიც პოლონეთში დესტაბილიზაციის გამოწვევა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება იყო.
დაკავებულებს ედავებიან კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, სატრანსპორტო კვანძების მონიტორინგს და ჰიბრიდული საფრთხეების შექმნას.
სამართალდამცავმა ორგანოებმა აღნიშნული პირების საქმიანობა რამდენიმე თვის განმავლობაში აკონტროლეს, რის შემდეგაც ვარშავამ მათ დეპორტაციისა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ქვეყანა არ დაუშვებს უცხო სახელმწიფოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე დესტრუქციული ოპერაციების წარმოებას და მსგავსი ქმედებების მიმართ "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკას გააგრძელებს.
გაძევებულ პირებს პოლონეთის ტერიტორიის დატოვება დაუყოვნებლივ დაევალათ.




