ვარშავის პოზიცია უცვლელი რჩება, პოლონეთი უკრაინაში სამხედროებს არ გაგზავნის, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთს აქვს სხვა ამოცანებიც, მათ შორის ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა.

„ჩვენ არ გავგზავნით პოლონურ ჯარებს უკრაინაში. ეს მთავრობის პოზიციაა, რომელიც არამხოლოდ კვირა, არამედ მრავალი თვეა, არსებობს“, – თქვა მინისტრმა.

კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, აღნიშნულ პოზიციას იზიარებს არამხოლოდ სამთავრობო კოალიცია, არამედ ყველა პოლონელი. როგორც მან განმარტა, ის ფაქტი, რომ პოლონეთი არ გეგმავს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, არ ნიშნავს, რომ ის არ მონაწილეობს „მსურველთა კოალიციაში“. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პოლონეთის მოკავშირებს სავსებით ესმით მისი პოზიცია.

ამოცანებს შორის მინისტრმა დაასახელა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის დაცვა, სადაც, მისი თქმით, 5000-6000 პოლონელი სამხედრო მუდმივად დაკავებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფით, ასევე პოტენციური სამშვიდობო მისიისთვის ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის უზრუნველყოფით.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ პროცესში ასობით და ათასობით პოლონელი ჯარისკაცი ჩართული იქნება პოლონეთის ან უკრაინის ტერიტორიაზე დისლოცირებული მოკავშირეთა ძალების უსაფრთხოების უზრუნველყოფით.

თარგმანი: პირველი არხი