პოლონეთის სეიმში ახლად არჩეული პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.
ნავროცკიმ ფიცი 460 დეპუტატისა და 100 სენატორის წინაშე დადო, შემდეგ კი მან პარლამენტარებს სიტყვით მიმართა.
ნაციონალისტმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ მისი არჩევა არის ძლიერი გზავნილი იმის შესახებ, რომ "მმართველობა ძველებურად ვერ გაგრძელდება".
"თავისუფალი ერის თავისუფალმა არჩევანმა მომიყვანა მე აქ, მიუხედავად პროპაგანდისტული კამპანიისა, ტყუილებისა, პოლიტიკური თეატრისა და ზიზღისა, რომელსაც მე შევეჯახე პრეზიდენტის ოფისისკენ გზაზე. როგორც ქრისტიანი, მე ვპატიობ მთელ ამ ზიზღს. ამ არჩევნების შედეგი ძლიერი გზავნილი იყო, გზავნილი სუვერენული ხალხისგან მთელ პოლიტიკური ელიტას, რომ მმართველობა ძველებურად ვერ გაგრძელდება. პოლონეთი არ უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორც დღესაა". - თქვა ნავროცკიმ.
ამასთან, ნავროცკიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია სასამართლო სისტემის რადიკალური რეფორმა, რათა პოლონეთში "კანონის უზენაესობა აღდგეს". ასევე, მისი თქმით, პოლონეთმა უარი უნდა თქვას არალეგალურ მიგრაციაზე, "უნდა უთხრას დიახ ზლოტს და უარი თქვას ევროზონაში შესვლაზე".
ნავროცკის თქმით, ის არ დაეთანხმება კომპეტენციების ევროკავშირისთვის გადაცემას – "პოლონეთი უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ არ უნდა გახდეს ევროკავშირი".