ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილათ, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს, - იუწყება, „ბლუმბერგის“ საკითხთან დაკავშირებული პირებზე დაყრდნობით.

სატელეფონო საუბარი შედგა ტრამპსა და თეთრ სახლში შეკრებილ ევროპელ ლიდერთა ჯგუფს შორის რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების გზებზე მოლაპარაკების მიმდინარეობისას. ერთ მომენტში ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს სთხოვეს, გამოეყენებინა თავისი გავლენა ორბანზე, რათა მას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა შეეწყვიტა.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება იმ დისკუსიის ნაწილად განიხილება, რომელიც უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიმდინარეობს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში.

წყაროები აცხადებენ, რომ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს  ორბანმა ასევე გამოხატა ინტერესი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მასპინძლობის თაობაზე.

ვიქტორ ორბანმა არ დაადასტურა ზარი, ხოლო თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლივიტმა 19 აგვისტოს უარი თქვა იმის თქმაზე, განიხილება თუ არა ბუდაპეშტი პუტინ-ზელენსკის სამიტის ადგილად.

ორბანმა თავის ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლიდანაც ჩანს, რომ იგი არ აკავშირებს ერთმანეთთან ევროკავშირის წევრობას და უსაფრთხოების გარანტიებს.

„ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერმა დღეს კონსულტაცია გამართა.

1. დადასტურდა, რომ მესამე მსოფლიო ომის რისკის შემცირება მხოლოდ ტრამპ-პუტინის შეხვედრით არის შესაძლებელი.

2. დადასტურდა, რომ იზოლაციის სტრატეგია ჩავარდა.

3. დადასტურდა, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყვეტა არ არსებობს, მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევა შეიძლება გამოსავლის მოძებნა.

4. დაფიქსირდა, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობა არ ნიშნავს რაიმე უსაფრთხოების გარანტიას, ამიტომ წევრობისა და უსაფრთხოების გარანტიების დაკავშირება არასაჭირო და სახიფათოა.

უნგრეთი მიესალმება ტრამპ-პუტინის მოლაპარაკებების ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს და მხარს უჭერს შემდგომ მოლაპარაკებების პროცესს, განსაკუთრებით ტრამპ-პუტინის მეორე შეხვედრის კუთხით. დღის წესრიგში უნგრეთის ინიციატივაა, რათა კავშირმა რაც შეიძლება მალე შეძლოს ევროპა-რუსეთის სამიტის ინიციირება.