Aftonbladet-ის მიერ გავრცელებული ცნობით, პოლიციამ დააკმაყოფილა სტოკჰოლმში ყურანის დაწვის ახალი მოთხოვნა.

გამოცემის ცნობით, აქციის ჩატარება დაგეგმილია მეჩეთის მიმდებარედ, ადგილობრივი დროით 13:30 საათისთვის.

დღის განმავლობაში მეჩეთში ყურბან-ბაირამის აღსანიშნავად არაერთი ადამიანი იქნება თავშეყრილი და პოლიცია შიშობს, რომ ყურანის დაწვამ შესაძლოა ქაოის გამოიწვიოს.

TV4-ის ცნობით, ადგილობრივი პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოძახებული პოლიციელებით არის გაძლიერებული.  

გასულ ზამთარში პოლიციის დეპარტამენტმა უსაფრთხოების პოლიციის რჩევით არ დააკმაყოფილა თურქეთისა და ერაყის საელჩოებთან ყურანის დაწვის ორი განაცხადი.

გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს და გასულ გაზაფხულზე ადმინისტრაციულმა სასამართლომ განაცხადა, რომ პოლიციამ განცხადებები უკანონოდ არ დააკმაყოფილა.

თუ დღეს ყურანს დაწვავენ, ეს იქნება პირველი ცნობილი ფაქტი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

გასულ ზამთარში ყურანის დაწვას თურქეთის მძაფრი რეაქცია მოჰყვა, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ სანამ ყურანის დაწვა გაგრძელდება, ისინი არ დაამტკიცებენ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.