Politico წერს, რომ აშშ-ს პენტაგონი კუბაზე პოტენციური თავდასხმისთვის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების შემთხვევაში მზადაა.
პენტაგონი თვეების განმავლობაში კარიბის ზღვის აუზში საომარ გემებს და შეიარაღებას ათავსებს. კუბის სანაპიროსთან ამჟამად განლაგებულია ავიამზიდი USS Nimitz და მისი საბრძოლო ჯგუფი, რომელიც მიმდინარე თვეში ჩამოვიდა რეგიონში. გარდა ამისა, ფლორიდაში განთავსებული საბრძოლო თვითმფრინავები და სხვა სამხედრო ტექნიკაც ამ პოტენციური ოპერაციის მომზადებას ემსახურება.
Politico აღნიშნავს, რომ თვითმფრინავებზე დაკვირვების საიტების ცნობით, კუბას თვეების განმავლობაში გარს უვლიდა თანამედროვე ამერიკული დრონებისა და სათვალთვალო თვითმფრინავების ნაკრები.
გამოცემის ცნობით, USS Kearsarge-ის ამფიბიური გემები და ესკორტები, რომლებზეც 2500 საზღვაო ქვეითი იმყოფება, ვირჯინიის სანაპიროსთან ახალი განლაგებისთვის ემზადებიან და შესაძლოა, სამშობლოში მიმავალი ზოგიერთი გემი ჩაანაცვლონ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ იანვარში ვენესუელაზე თავდასხმამდეც, რომელიც ქვეყნის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავებით დასრულდა, აშშ-მ ანალოგიური ნაბიჯები გადადგა.
Politico-ს მიხედვით, ამჟამინდელი განლაგება სამხედრო შესაძლებლობების მრავალფეროვნებას იძლევა, თუმცა პენტაგონს მასშტაბური სახმელეთო შეჭრისთვის დამატებითი ჯარები დასჭირდება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 27 მაისს განაცხადა, რომ კუბა "დიდ შარშია" გახვეული.
"ჩვენი სანაპიროდან 90 მილის დაშორებით არშემდგარი სახელმწიფოს ყოლა საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას," - განაცხადა მან.
The Nimitz რეგიონში იმავე დღეს ჩავიდა, როდესაც აშშ-მ კუბის ყოფილ პრეზიდენტ რაულ კასტროს ბრალი წარუდგინა, რაც, როგორც Politico წერს, ძალის საჯარო დემონსტრირებას წარმოადგენდა.
"The Nimitz, სავარაუდოდ, იქ ძირითადად დაშინებისთვისაა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენება სამხედრო ოპერაციაშიც შეიძლება“, - განუცხადა გამოცემას მარკ კანციანმა, პენტაგონის ყოფილმა თანამდებობის პირმა და ამჟამად სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსმა ანალიტიკოსმა.
მისი თქმით, გემი, ფლორიდასა და პუერტო-რიკოში განლაგებულ გამანადგურებელ თვითმფრინავებთან ერთად, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს კუბაში ნებისმიერ სამხედრო მოქმედებაში.
"შესაძლებელია საჰაერო დარტყმები მათი საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურების მიზნით, რათა შესაძლებელი გახდეს უფრო ფართო საჰაერო ოპერაციები ან, შესაძლოა, მათი ხელმძღვანელობის განადგურება ვენესუელასთან არსებული ტიპის ურთიერთობის დამყარების მიზნით. რაულ კასტრო მათი პირველი სამიზნე იქნება," - უთხრა მან Politico-ს.
თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია დროში შეზღუდულია, რადგან ხომალდები, რომლებიც ტიპიურად 6 ან 7 თვით არიან განლაგებული, კუბაში თითქმის 10 თვეა, რაც არიან.








