გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბერში უნგრეთმა და რუსეთმა არასაჯარო შეთანხმება დადეს

შეთანხმება ბუდაპეშტსა და მოსკოვს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, ენერგეტიკული და კულტურული კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გასული წლის დეკემბერში, მოსკოვში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ და რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ 12 პუნქტისგან შემდგარ თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

აქამდე გამოუქვეყნებელ საბუთში ჩანს, რომ ორი ქვეყნის მთავრობა ბირთვული საწვავის, განათლებისა და სპორტის საკითხებშიც აპირებს დაახლოებას.

დეკემბრის შეხვედრა რიგით მე-16 ღონისძიება იყო რუსეთ-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიისთვის, რომელიც ეკონომიკურ საკითხებზე 2005 წლიდან მუშაობს.

თავის დროზე, სიარტოსა და მურაშკოს დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შესახებ რუსული სამთავრობო მედიაც წერდა.

ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, ბუდაპეშტი რუსული ენის შემსწავლელი პროგრამების გაფართოებას დათანხმდა, რაც რუსეთიდან დამატებითი პედაგოგების მოწვევასა და საასპირანტო პროგრამების გაზრდას გულისხმობს.

საბუთებში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებამ არ უნდა შეუშალოს ხელი "უნგრეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოვალეობების აღსრულებას".

Politico-ს სტატიას გამოეხმაურა სიარტო, მისი თქმით, "ორმხრივი თანამშრომლობა განისაზღვრება უნგრეთის ეროვნული ინტერესებით, და არა მიკერძოებული ლიბერალური მედიის ზეწოლით". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.