ევროკავშირი შოკირებული და შეძრულია მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე” ტერორისტული თავდასხმის შესახებ ცნობების გამო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს.
„ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმებს მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ ფიქრებით რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა”, – წერს პიტერ სტანო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა, სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 40-ს შეადგენს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.