კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შესაძლო სამმხრივი ფორმატით შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუკი მხარეებს შორის კონკრეტულ შეთანხმებებზე წინასწარი მუშაობა უკვე დასრულებული იქნება.
რუსული მედიის ცნობით, პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმაღლესი დონის სამიტი განხილვებისა და დებატებისთვის არ არის განკუთვნილი.
"ასეთი შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მაგიდაზე უკვე იდება წინასწარ მომზადებული და შეთანხმებული დოკუმენტები, რომელთა ხელმოწერაც და ოფიციალური დაფიქსირებაც უმაღლეს დონეზე იქნება საჭირო. ლიდერები არ იკრიბებიან მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად — ისინი ხვდებიან შედეგების გასაფორმებლად," — აცხადებს კრემლის პრესსპიკერი.
კრემლში განმარტავენ, რომ მსგავსი ინიციატივები ჯერ კიდევ ღრმა და რთულ წინასწარ დიპლომატიურ მომზადებას მოითხოვს, რათა უმაღლესი რანგის შეხვედრას რეალური პრაქტიკული შედეგი მოჰყვეს.




