უკრაინა Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

„შეიარაღების ბოლო გამოცხადებულ პაკეტში ჩვენ ფოკუსირებულნი ვიყავით უკრაინელებისთვის ისეთი შესაძლებლობების მიწოდებაზე, რომელიც მათ შეუძლიათ დაუყოვნებლივ გამოიყენონ ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შესაცვლელად“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სამხედრო დახმარების წინა ორ პაკეტში შეერთებულმა შტატებმა უკრაინისათვის Bradley-ის ქვეითთა 109 საბრძოლო მანქანის გადაცემა გამოაცხადა.

უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას, პენტაგონის მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ ბახმუტში სერიოზული დანაკარგების შემდეგ, რუსეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიციები ფრონტის მთელ ხაზზე ათიათასობით მობილიზებული ჯარისკაცის მეშვეობით, თუმცა, მისი თქმით, ეს ჯარისკაცები ცუდად არიან აღჭურვილნი, ცუდად გაწვრთნილები და მათ ნაჩქარევად უშვებენ ბრძოლის ველზე.