ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით. ახლა კი, "გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღების შემდეგ, ეს პირობები გადაიხედება, - ამის შესახებ მან MOVEMENT-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომდევნო დღეებში, კვირებსა თუ თვეებში დავაღწევთ თავს ჩვენს ურთიერთობაში წარმოშობილ სირთულეებს. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% ევროკავშირის წევრობას მტკიცედ უწერს მხარს. საქართველოს ძალიან კარგია ადმინისტრაცია ჰყავს, ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებთანაც ბევრი წელია ვმუშაობთ. ვმუშაობთ სხვადასხვა სამინისტროებთან, სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოებთან, სრულიად პროფესიონალები არიან, თავდადებული ადამიანები. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ახლა არსებულ სირთულეებს თავს დავაღწევთ და რომ, საქართველო არ ჩამორჩება სხვებს და შეუერთდება შემდეგი გაფართოების ტალღას.
ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ, უმაღლეს დონეზეც, მათ შორის იყო ევროპის საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, რომ ამ კანონის არსებული ფორმით მიღებას აუცილებლად მოჰყვება შედეგები.
ორშაბათს, 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე დაიწყეს შედეგებზე მსჯელობა. შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ევროკავშირი კომპლექსურობით გამოირჩევა. ჩვენ 27 სუვერენული ქვეყანა გვყავს, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ერთიანობით მიიღწევა. ამჟამად, წევრმა სახელმწიფოებმა,ა ევროკავშირში არსებულ ინსტიტუტებს სხვადასხვა ვარიანტების მომზადება სთხოვეს. ეს ვარიანტები განიხილება 27 წევრს სახელმწიფოს შორის და ისინი გადაწყვეტენ, რომელ ვარიანტს მისდიონ და როგორი რეაგირება მოახდინონ.
იმედი მაქვს, ამ 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ივნისის ბოლოს შეხვდებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებებს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ჯოზეფ ბორელმა განაცხადეს, ახლა ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ყველა ვარიანტში იგულისხმება ყველა ვარიანტი. მაგრამ, ეს უკვე წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტი იქნება, თუ როგორი ზომები იქნება მიღებული.
ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით. ახლა კი, "გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღების შემდეგ, ეს პირობები გადაიხედება. ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის ნახევარზე ცოტა მეტი სჭირდება. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ, რადგან ისინი უკვე მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის პირობებით. ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში", - განაცხადა ელჩმა.