პარიზში ხვალ დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობის მარშრუტთან დაკავშირებით, სასამართლომ პოლიციის პრეფექტურის გადაწყვეტილება შეაჩერა.

საფრანგეთის დედაქალაქის ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეაჩერა განკარგულება, რომლითაც პოლიციის პრეფექტურა დემონსტრანტებს ბასტილიის მოედნიდან ნაციის მოედნამდე მსვლელობას უკრძალავდა.

მანამდე, პარიზის პოლიციის პრეფექტურამ პროფკავშირებისა და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მიერ შეთავაზებული მარშრუტები უარყო და აქციის მონაწილეებს ალტერნატიული გზა, ბანიოლეს კარიბჭიდან შარანტონის კარიბჭემდე შესთავაზა.

ამ გადაწყვეტილებას პროფკავშირების უკმაყოფილება მოჰყვა. ორგანიზაცია Solidaires-ის წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციის მიერ შეთავაზებული მარშრუტი დემონსტრანტების უსაფრთხო შეკრებისა და გადაადგილებისთვის პრობლემებს ქმნიდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბასტილიისა და ნაციის მოედნებს შორის მსვლელობის აკრძალვა ამ ეტაპზე შეჩერებულია.