პაკისტანი და ავღანეთი, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მკვეთრი ესკალაციის ფონზე ოთხშაბათს დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. იუწყება Reuters.

გადაწყვეტილება საჰაერო დარტყმებსა და სახმელეთო ბრძოლებს მოჰყვა, რის შედეგადაც ათზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ორივე ქვეყანა ოთხშაბათს, 13:00 საათიდან, 48-საათიან დროებით დაზავებაზე შეთანხმდა.

ისლამაბადი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ავღანეთმა მოითხოვა.

ავღანელი თალიბების წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება "პაკისტანის მხარის დაჟინებული ძალისხმევის" წყალობით იქნა მიღწეული. მან დასძინა, რომ ქაბულმა თავის ჯარებს უბრძანა ცეცხლის შეწყვეტა იმ პირობით, თუ მეორე მხარე აგრესიას არ მიმართავდა.

ბოლოდროინდელი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისლამაბადმა ავღანეთის თალიბანის ადმინისტრაციას მოსთხოვა ნაბიჯების გადადგმა მებრძოლების შესაკავებლად, რომლებიც, პაკისტანის თქმით, ავღანეთში არსებული თავშესაფრებიდან მოქმედებდნენ და პაკისტანზე თავდასხმებს აძლიერებდნენ.

თალიბანი უარყოფს ბრალდებებს და პაკისტანის სამხედრო ლიდერებს დაძაბულობის გაღვივებასა და ISIS-თან დაკავშირებული მებრძოლებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს.

ცეცხლის შეწყვეტას წინ უძღოდა ინტენსიური ბრძოლები.