ეუთო/ოდირი (OSCE/ODIHR) "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ კანონს მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "კანონი შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებთან და ის უნდა გაუქმდეს".

OSCE/ODIHR მიიჩნევს, რომ კანონი, რომელიც "სამოქალაქო საზოგადოებებსა და მედიასაშუალებებს "უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად" მოიხსენიებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობაში დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს".

ამასთან, OSCE/ODIHR განმარტავს, რით განსხვავდება ეს კანონი სხვა ქვეყნების კანონმდებლობისგან.

"ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს ძირითად განსხვავებებს ახლად მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობას შორის, რომლებსაც იხსენიებდნენ საქართველოში ახალ კანონთან მიმართებით. მაგალითად, შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA), ან ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი ძალიან განსხვავებული მიზნებითა და ფარგლებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს, უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებაში, ან ლობირებაში უცხოური ხელისუფლების სახელით, საჯაროდ დარეგისტრირდნენ, ის არ აწებებს ყველა სამოქალაქო საზოგადოებას, ან მედიას უცხოური წარმომადგენლის იარლიყს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

OSCE/ODIHR საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს კანონი და ასევე, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყნის კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს:

"ნაკლებად ინტრუზიული ალტერნატივების მაგალითები შეიძლება, იყოს ლობისტური საქმიანობის რეგულირება, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მკაცრი წესები და ანტიკორუფციული ან ანტიტერორისტული კანონები, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების უფრო ღია და გამჭვირვალე პროცესის ჩამოყალიბებას".

OSCE/ODIHR აცხადებს, რომ "არ უნდა მოიაზრებოდეს, რომ ყველა ორგანიზაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელს წარმოადგენს".

"ODIHR კვლავ მზადაა, გაუწიოს შემდგომი დახმარება და დაეხმაროს ხელისუფლებას საკანონმდებლო, ან სხვა ალტერნატივების იდენტიფიცირებაში, რათა გადაჭრას ნამდვილი, კონკრეტული შეშფოთებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.