აბუ-დაბიში უკრაინასთან და აშშ-თან მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენლებმა NATO-სგან მოითხოვეს, რომ ალიანსი დაბრუნდეს იმ პოზიციებზე, რომლებიც მას 1997 წელს ეკავა, შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ასევე საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვან საკუთარი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე სხვა ქვეყნების დასაცავად. ამის შესახებ The New York Times წყაროებსა და მოლაპარაკებების მონაწილეების მიერ გავრცელებულ არაოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით იტყობინება.
"ეს დოკუმენტი რუსეთის პირველად პოზიციას წარმოადგენს, ხოლო მოლაპარაკებებზე რუსმა ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ შეუძლია მოქნილი მიდგომის გამოვლენა", — განუცხადეს NYT-ის ორმა წყარომ. თავად დოკუმენტი არ არის დაწერილი ბლანკზე და არც ხელმოწერა აქვს; ის მიზნად ისახავს მხოლოდ რუსეთის თვალსაზრისის არაოფიციალურად გადმოცემას.
ამ დოკუმენტში რუსეთი იმეორებს 2021 წლის თავის მოთხოვნებს იმის შესახებ, რომ NATO-ს ქვეყნებმა გამორიცხონ ალიანსის შემდგომი გაფართოება, ასევე ნებისმიერი სამხედრო აქტივობა უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სხვა რეგიონებში. გარდა ამისა, რუსეთი NATO-სგან ითხოვს, რომ მან თავისი ჯარები და ბაზები ალიანსის 1997 წლის საზღვრებამდე გაიყვანოს, ანუ იმ საზღვრებამდე, რომლებიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მის გაფართოებამდე არსებობდა. როგორც NYT აღნიშნავს, ეს ნაბიჯი შეასუსტებს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების — ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის — თავდაცვისუნარიანობას.




