ამერიკის საჰაერო ძალების დრონი MQ-9 Reaper, რომელიც რუსულ თვითმფრინავთან დაჯახების შედეგად შავ ზღვაში ჩავარდა, სადაზვერვო ფრენას ახორციელებდა და არ გადაჰქონდა იარაღი. ამის შესახებ ჯონ კირბიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

კირბის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ Reaper-ის დრონებს შეუძლიათ ატარონ Hellfire-ის რაკეტები, რუსების მიერ ჩაგდებული დრონი შეიარაღებული არ იყო.

NYT წერს, რომ Reaper დაზვერვას დროებით ოკუპირებული ყირიმის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 75 მილის (120 კმ) მანძილზე აწარმოებდა, როდესაც ორმა რუსულმა თვითმფრინავმა მისთვის გზის გადაჭრა სცადა.

პენტაგონის ანონიმური ოფიციალური პირის თქმით, 14 მარტს, დილით ადრე, რუმინეთის სამხედრო ბაზიდან ამერიკული დრონი დაგეგმილი მისიისთვის აფრინდა, რომელიც ჩვეულებრივ 9-10 საათს გრძელდება. გამოცემის წყაროს ცნობით, Reaper აღჭურვილია დახვეწილი კამერებითა და სხვა სენსორებით, რომლებიც 'ყირიმის დანახვის" საშუალებას იძლევა ნახევარკუნძულის საჰაერო სივრცესთან მიახლოების გარეშე.

მან აღნიშნა, რომ რუსული ავიაციის გამოჩენის დროს დრონი დაახლოებით 7.6 კმ სიმაღლეზე იმყოფებოდა. რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების Su-27-ებმა ის ალყაში მოაქციეს და მასზე საწვავი დაასხეს, როგორც ჩანს, უპილოტო საფრენი აპარატის აღჭურვილობის დაზიანებას ცდილობდნენ.

აშშ-ის მაღალჩინოსნები თვეების განმავლობაში წუხდნენ, რომ შავ ზღვაზე მცირე ინციდენტმაც კი შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირი დაპირისპირება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.