რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბელგოროდის ოლქში უკრაინელი „დივერსანტების“ შეჭრის გამო. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, რუსეთის ხელისუფლება ყველანაირ ზომებს მიმართავს მომავალში მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად.
„რა თქმა უნდა, ის, რაც გუშინ მოხდა, იწვევს ღრმა შეშფოთებას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინელი მებრძოლები კვლავ აგრძელებენ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - თქვა პესკოვმა.
შეკითხვის პასუხად, თუ რა ეროვნების არიან „დივერსანტები“, პესკოვმა თქვ, რომ ისინი უკრაინელი „მებრძოლები“ არიან უკრაინიდან. „უკრაინაში ცხოვრობს ბევრი ეთნიკური რუსი, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს {რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრილი დივერსანტები} არიან უკრაინელი მებრძოლები, აი სწორედ აქედან უნდა გამოვიდეთ“, - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით რუსეთის სპეციალური უწყებები დაადგენენ მათ ვინაობას, ვისაც აღნიშნულ მოვლენებთან კავშირი ჰქონდათ.