რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე დარტყმები განხორციელდა. შესაბამისი ინფორმაცია რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებში ვრცელდება.
რუსული გამოცემა SOTA „ტელეგრამზე“ ბელგოროდის თავზე ამომავალი კვამლის ფოტოებსა და ვიდეოკადრებს აქვეყნებს.
გუბერნატორ, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, გუშინ, ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“ შევიდა.
გუშინვე ოლქის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ მოქმედებს და უკრაინელების დასაცავად „უსაფრთხოების ზოლს“ ქმნის.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან კავშირი არ აქვს.