რეპრესიები, ძალადობა, დაკავებები და თავისუფალ მედიაზე მზარდი ზეწოლა აშკარა ნიშნებია იმისა, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას ევროპული და დემოკრატიული გზიდან აშორებს, ეს ჩვენს პარტნიორობაზე გავლენას ახდენს, - ამის შესახებ ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცნობები ფართომასშტაბიანი დარღვევების შესახებ დაფიქსირდა. არჩევნებს სერიოზული კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, რაც ოდირის ანგარიშშია ასახული. ერთი თვის შემდეგ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გამოაცხადა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება. დროდადრო დემონსტრანტები ხელისუფლების მხრიდან სასტიკ ძალადობას განიცდიან, მათ შორის ბოლოს, 2 თებერვალს თბილისში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იხსენებს, რომ განვითარებულ საგანგაშო მოვლენებს საქართველოს პარტნიორებმა სხვადასხვა გზით უპასუხეს, მათ შორის ნორვეგიამაც:

"ნორვეგიამ შემდეგი ზომები მიიღო: საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით არანაირი ახალი პროექტები; საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალმხრივი არხებით თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერის შემცირება, გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა; თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეჩერება; პოლიტიკურ დონეზე კონტაქტების შემცირება".

ნორვეგიის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ნორვეგია პარალელური ზომების მიღებას განიხილავს:

"27 იანვარს ევროკავშირმა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე ქართველი მოგზაურებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ნორვეგია პარალელური ზომების მიღებას განიხილავს".