ასეთი განცხადება საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ „ფიგაროსთვის' მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„რუსები სლავები არიან. ისინი ჩვენგან განსხვავდებიან. ეს განსხვავება ყოველთვის პრობლემური იყო და ჩვენს საერთო ისტორიაში ბევრ გაუგებრობას იწვევდა. ამის მიუხედავად, ჩვენ გვჭირდება ისინი და მათ ჩვენ ვჭირდებით", - ამბობს სარკოზი და იხსენებს 2008 წელს, როდესაც იგი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი იყო.
სარკოზის თქმით, მან დაარწმუნა პუტინი, რომ უნდა გაეყვანა ტანკები, რომლებიც თბილისიდან 25 კილომეტრში იყვნენ. ამავდროულად, მან და ანგელა მერკელმა აჩვენეს მას, რომ იციან მისი „წითელი ხაზების" შესახებ და სწორედ ამიტომ და მიუხედავად შეერთებული შტატების ძლიერი ზეწოლისა, უარი თქვეს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე.
ჩვენ არ შეგვეძლო მიგვეცა საშუალება პუტინისთვის, რომ ჩაძირულიყო „ანტიდასავლურ პარანოიაში“, რომელიც დიდი ხანია აწუხებს რუს ლიდერებს. „კრემლის ალყის“ კომპლექსი - ძველი ისტორიაა, - ამბობს სარკოზი და იქვე დასძენს, რომ გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას.
ამასთან, მისი თქმით, ახლა დროა ვიპოვოთ გამოსავალი ამ კონფლიქტიდან, რადგან „რუსეთი ევროპის მეზობელია და ასეთად დარჩება".
სარკოზი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შესაძლებელია.
პრეზიდენტ მაკრონის ინტუიცია სწორი იყო. სამწუხაროდ, იგი, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ზეწოლის გამო, ბოლომდე არ მიჰყვა თავდაპირველ კურსს.
„მეუბნებიან, რომ ვლადიმირ პუტინი აღარ არის ის, ვისაც ვიცნობდი. მე არ ვარ დარწმუნებული. მასთან ათეულობით საუბარი მქონდა. ის არ არის ირაციონალური“, - აღნიშნავს ნიკოლა სარკოზი და ხაზს უსვამს, რომ უკრაინის საკითხში ამერიკელების და ევროპელების ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ ამ ჩიხიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რადგან ამ საკითხში ევროპული ინტერესები არ ემთხვევა ამერიკულს.
ჩვენ არ შეგვიძლია მივყვეთ უცნაურ იდეას შეიარაღებული კონფლიქტში მონაწილეობის გარეშე მასში ჩართულობის შესახებ. ჩვენ მოგვიწევს ჩვენი სტრატეგიის გარკვევა, განსაკუთრებით თუ ეს კონფლიქტი გაჭიანურდება. დიპლომატია, დისკუსიები და მოლაპარაკებები რჩება შესაბამისი გადაწყვეტის მოსაძებნად ერთადერთ საშუალებად. კომპრომისის გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენ ძალიან ვრისკავთ, როცა არ ვითვალისწინებთ, რომ სიტუაციაზე კონტროლი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დავკარგოთ. დენთის კასრის აფეთქებამ საშინელი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, - ამბობს სარკოზი.
ფიგაროს კითხვის - „მოკავშირეები ამბობენ, რომ უკრაინას „ბოლომდე“ დაუჭერენ მხარს. ასეა? - საპასუხოდ სარკოზი ამბობს, რომ ეს მტკიცე და გაბედული სიტყვაა, მაგრამ „ბოლომდე" რას ნიშნავს, დაკონკრეტებას საჭიროებს.
ეს ნიშნავს დონბასის დაბრუნებას? თუ ყირიმის? ან, სულაც, მოსკოვზე წასვლას? 2014 წელს ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ილუზორულია საუბარი იმ ტერიტორიის დაბრუნებაზე, რომელიც 1954 წლამდე რუსეთის იყო და სადაც მოსახლეობის უმრავლესობა თავს ყოველთვის რუსად გრძნობდა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ დღევანდელი მდგომარეობის დასადასტურებლად საჭიროა უდავო რეფერენდუმი, ანუ საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი კონტროლის ქვეშ ორგანიზებული რეფერენდუმი.
უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიებთან დაკავშირებით სარკოზი ამბობს, რომ ყველაფერი სიტუაციის შემდგომ განვითარებაზეა დამოკიდებული.
სავსებით გასაგებია, რომ უკრაინელები შეეცდებიან დაიბრუნონ ის, რაც უსამართლოდ წაართვეს, მაგრამ თუ ისინი ამას სრულად ვერ მოახერხებენ, მაშინ არჩევანი იქნება უახლოეს მომავალში ახალი ესკალაციის გამომწვევ „გაყინულ" კონფლიქტსა და ტერიტორიული საკითხის საბოლოოდ და მკაფიოდ გადამწყვეტ, საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი კონტროლის ქვეშ ჩატარებულ რეფერენდუმს შორის.
თქვენ ბედავთ პირდაპირ თქვათ, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს არც ევროკავშირში და არც ნატოში, რომ ის „ნეიტრალური უნდა დარჩეს". მაგრამ განა პუტინი ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინა „ევროპამ ჩაიკრას გულში"? - ჰკითხა „ფიგარომ" სარკოზის.
პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რა არის უკრაინის დანიშნულება, რისკენ უნდა ისწრაფოდეს იგი. უნდა შეუერთდეს თუ არა ევროკავშირს? არა მგონია. უკრაინა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელია. ის ასე უნდა დარჩეს. ჩვენ ახლა ვაძლევთ ცრუ დაპირებებს, რომლებიც არ შესრულდება. ზუსტად ისეთივე დაპირებებს, როგორებიც ეძლეოდათ თურქეთს ათწლეულების მანძილზე. არამხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინა არ არის მზად და არ აკმაყოფილებს მონაწილე ქვეყნების მოთხოვნებს. უკრაინა ნეიტრალურ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ეს ნეიტრალიტეტი იყოს შეურაცხყოფა. უფრო მეტიც, ეს შეიძლება იყოს გარანტირებული საერთაშორისო შეთანხმებით, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების უკიდურესად ძლიერ გარანტიებს ქვეყნის დასაცავად ნებისმიერი რისკისგან, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა და იქვე, „ფიგაროს" შენიშვნაზე, რომ ასეთი მიდგომა აღაშფოთებს მათ, ვისაც სჯერა, რომ უკრაინა უკვე ევროპაშია და ამაში ძვირს იხდის, დასძინა:
მე შემიძლია მათი გაგება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული და, უპირველეს ყოვლისა, რეალისტები. უკრაინა არის ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის. კიევისთვის ამ ორს შორის არჩევანის შეთავაზება, ჩემი აზრით, ეწინააღმდეგება ამ რთული რეგიონის ისტორიასა და გეოგრაფიას. და გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ ვლადიმირ პუტინის წასვლით რაღაც შეიცვლება.