სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეპულს შეხვდა. შეხვედრაზე ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების მაღალ დონეს, ასევე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გერმანია სომხეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგი კი აქტიურად და რეგულარულად მიმდინარეობს.

თავის მხრივ, ვადეპულმა სომხეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა დაადასტურა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობაზე.

ამასთან, ვადეპულმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას და გამოთქვა რწმენა, რომ ჩამოყალიბებული კონსტრუქციული ატმოსფერო ხელს შეუწყობს რეგიონული კავშირების გაძლიერებასა და თანამშრომლობის განვითარებას.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთსა და გერმანიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით. საუბარი შეეხო სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს. ამასთან, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.