სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს სხდომას, რომელიც 11 ნოემბერს მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თავმჯდომარეობით გაიმართება.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოზე დაყრდნობით სომხურმა საინფორმაციო სააგენტო Armenpress-მა განაცხადა, 11 ნოემბერს ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში (COP31), რომელიც ანტალიაში გაიმართება.
6 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე პანკინმა განაცხადა, რომ კlკოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ უახლოეს სხდომაზე, შესაძლოა, სომხეთისთვის ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.
"სომხეთი უკვე ორ წელზე მეტია, საწევრო შენატანებს არ იხდის, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, განიხილოს საკითხი და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მისი წევრობის დროებით შეჩერების - უფრო ზუსტად კი, ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ, სანამ შენატანები არ დაიფარება. ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური მომენტი, რომელიც გათვალისწინებულია წესდებით, მისი კონკრეტული მუხლით. ასე რომ, შესაძლოა, ასეთი შედეგი დადგეს, თუმცა ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული", - ციტირებს პანკინის სიტყვებს სააგენტო TASS.




