NATO-ს მოკავშირეები უკრაინას მიმდინარე წელს მილიარდობით ევროს დახმარებას ჰპირდებიან. ამის შესახებ NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრის შემდეგ ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ NATO–ს წევრებმა წარმოადგინეს გეგმა, რომელიც უკრაინისთვის 2024 წელს „მილიარდობით ევროს დამატებითი შესაძლებლობების“ გამოყოფას გულისხმობს.
"გერმანიამ უკრაინას მიაწოდა Patriot-ისა და Skynex-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და დამატებითი რაკეტები IRIS-T საჰაერო თავდაცვისთვის, ხოლო გაერთიანებული სამეფო უკრაინას დაახლოებით 200 საჰაერო თავდაცვის რაკეტას უგზავნის. მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და ბევრმა მოკავშირემ წარადგინა გეგმები 2024 წელს მილიარდობით ევროს შემდგომი მხარდაჭერის მიწოდების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ალიანსის ცნობით, საბჭოს სხდომა ელჩების დონეზე უკრაინის ხელისუფლების ინიციატივით გაიმართა.